top of page

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” საზოგადოებას მრავალჯერ მიაწოდა ინფორმაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემების, ფორმებისა და გაყალბების პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირთა შესახებ. ამჯერად გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წვლილზე.

 

ჩვენს ხელთ არსებული და ასევე, ამ ეტაპამდე გასაჯაროებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა. კერძოდ:

 

●        ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს , ბიულეტენის ხარისხი   ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს. ცესკოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ/ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას მაშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩეველის ნება როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით.


●        ამასთან, ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის გახდა შეუძლებელი. ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ, გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.


●        ცესკოს ამავე გადაწყვეტილებამ განაპირობა ნაკადის რეგულირებასა და მარკირების პროცედურებზე პასუხიმგებელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის ამ ფუნქციების გაუმჭვირვლე პროცესით მინიჭება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მარკირების განუხორციელებლობამ გახადა შესაძლებელი სხვისი პირადობის მოწმობითა და სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემა.


●        ასევე, ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი ყოფილიყო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატების უკან დგომის შესაძლებლობა, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები მიზანმიმართულად გამოაძევეს უბნებიდან.


●        არსებობს მტკიცებულებები, რომ მმართველმა პარტიამ იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე, სხვა პირებს მიაცემინა ხმა. ამ ტიპის მასშტაბური სქემის განხორციელება, წარმოუდგენელია განხორციელებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობს გარეშე. აღსანიშნავია დამატებით ისიც, რომ ცესკოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, არ გაეხსნათ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები, გაზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა ვინც ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებამ, ხელი შეუწყო მმართველი პარტიის გეგმას - სხვა პირებს მიეცათ ხმა იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე.


●         არჩევნების დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან ისინი თითქოს გადასატანი ყუთების სიაში იყვნენ  და მათ ხმა უკვე მიცემული ქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მათ ბინებში მიდიოდნენ და ჰპირდებოდნენ გადასატანი ყუთის სიებში შეყვანას და არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სახლში მოტანას, თუმცა არჩევნების დღეს გადასატანი ყუთი მათთან არ მოუტანიათ და შესაბამისად, ხმის მიცემა შეეზღუდათ. მაღალი ალბათობით, მათ ნაცვლად ხმა სხვა პირებმა მისცეს.


●       საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე, რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი მაღალი იყო, ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა,  რამაც რისკის ქვეშ დააყენა მთლიანად საარჩევნო პროცესი - ბევრმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, ასევე, საფრთხე შეექმნა ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობას; 


●        ოპოზიციური პარტიებისა და მედიით გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და თავმჯდომარეებად ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული პირები დანიშნა. დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ კომისიების ასეთი ფორმით დაკომპლექტების მიზანი მაშტაბური გაყალბების სქემის განხორციელება იყო. კომისიის წევრები სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს უშლიდნენ დაკვირვების განხორციელებაში. ისინი იყვნენ აგრესიულები, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დამკვირვებლებს, ღიზიანდებოდნენ როცა იწერებოდა საჩივრები, ხელს უწყობდნენ არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბანზე, აღრიცხავდნენ და აკონტროლებდნენ ამომრჩევლებს, გადასცემდნენ ამომრჩევლების მონაცემებს მმართველი პარტიის ე.წ. “ქოლ ცენტრებს”;


●        არჩევნების დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვისი პირადობის მოწმობებითა და სხვისი პირადი ნომრებით ხმის მიცემის, ვერიფიკაციის პროცესის გაუმართაობის, მარკირების პროცედურების დარღვევის, მარკირების სითხისა და ფანრის გაუმართაობის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე და არც კომისიის წევრებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისკენ. აღნიშნული აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ცესკოსთვის მისაღები იყო საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენები. 

 

აღსანიშნავია, რომ მედიით ვავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, NTV-ს მიერ აკრედიტირებულ რუს პროპაგანდისტ, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დამრღვევ ალექსანდრ მალკევიჩზე. იგი ძებნილია აშშ-ს სპეც სამსახურების მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით და ჯილდოდ დაწესებულია 10 მლნ დოლარი. მის აკდრედიტაციაზე პასუხისმგებელია ცესკოს მდივანი.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის მიზნით, შეცვალა კანონი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა. როგორც დღეს ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი  საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გატარების მიზნით. 

 

ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

 

სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საგამოძიებო სამსახურები, მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან სულ მცირე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი - სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საარჩევნო დანაშაულებთან ერთობლიობაში (162 (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა), 164-ე (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა), 164 სეკუნდა (ყალბი დოკუმენტის საფუძველზე აღჩევნებში მონაწილეობა), 164 ტერცია (არჩევნების გაყალბება), 164 (4) (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა).ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 

 

და ბოლოს, არჩევნების ასეთი მასშტაბური გაყალბების სქემაში ცესკო იყო ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ჩართული სახელმწიფო უწყება. სადამკვირვებლო მისია სხვა მიმართულებებითაც აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაცია.

 

Recent Posts

See All

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებული ძალადობას

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და...

კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ ძალადობას

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და...

bottom of page