top of page

სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამმა დამოუკიდებელმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ - „სამართლიანი არჩევნები”, „ჩემი ხმა“ და საია - ბევრი დარღვევა დააფიქსირა. ჯამურად, ორგანიზაციების 3500-ზე მეტი დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები სერიოზულ ეჭვებს აჩენს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

ქვემოთ მოცემულია ამ ორგანიზაციების მიგნებების დეტალური ანალიზი, რაც  აჩვენებს იმ მანიპულაციებს, რითაც არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.

 

„სამართლიანი არჩევნები” (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება)

მიგნებები:

  • ამომრჩეველთა აღრიცხვა და ორგანიზებული მობილიზება: „სამართლიანმა არჩევნებმა” ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიით გამოავლინა პარტიის კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები საარჩევნო უბნების 31%-ზე და ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება - საარჩევნო უბნების 19%-ზე. ეს შემთხვევები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა აქტივობისა და ამომრჩევლის ნების კონტროლის კოორდინირებულ მცდელობაზე მიანიშნებს.

  • ამომრჩეველთა იძულება და დაშინება: ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 11%-ზე. ეს მტრულ გარემოზე მიანიშნებს, რასაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების აქტივობაზე.

  • ამომრჩეველთა მოსყიდვა და მრავალჯერადი ხმის მიცემა: „სამართლიანმა არჩევნებმა” ამომრჩეველთა მოსყიდვის მტკიცებულებები საარჩევნო უბნების 13%-ზე ნახა, ასევე, ორგანიზაციამ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის 2 და მრავალჯერადი ხმის მიცემის 12 შემთხვევა გამოავლინა. ეს ქმედებები ხელოვნურად ზრდის ერთი პარტიისადმი მხარდაჭერას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის სანდოობას.

  • მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევები საარჩევნო უბნების  9%-ზე გამოვლინდა.

  • დამკვირვებლების გაძევება და პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები: დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის ან მათი გაძევების შემთხვევები 30 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რაც ცხადად მიანიშნებს, რომ პროცესების გამჭვირვალობა პრიორიტეტი არ ყოფილა. დამოუკიდებელი დაკვირვების შეზღუდვით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დააზიანეს.

  • პრაქტიკულად გამორიცხული ან არაბუნებრივი განსხვავებები ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის: ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება. ამგვარი არალოგიკური მონაცემები, მათი ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

  • საჩივრები: „სამართლიანმა არჩევნებმა" ჯამში 294 საჩივარი წარადგინა. საჩივრების მსგავსი რაოდენობა დარღვევების ყოვლისმომცველ ხასიათზე მიუთითებს.

დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები შეესაბამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სისტემური დაშინების, მათი ნების კონტროლისა და მოსყიდვის ფაქტების გათვალისწინებით, ეს დამთხვევა არჩევნებს ვალიდურობას არ სძენს.

„სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა იძულების, არჩევნების დღის მანიპულაციებისა და დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა ცხადყო, რომ არჩევნები საზოგადოების ჭეშმარიტ ნებას არ ასახავს.

 

„ჩემი ხმა” (30 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია)

მიგნებები:

  • ფართომასშტაბიანი დარღვევები საარჩევნო უბნებზე: 1200 საარჩევნო უბნიდან, რომელსაც კოალიცია დააკვირდა, დარღვევები ნახევარზე მეტ (652) უბანზე დაფიქსირდა. პრობლემების მასშტაბურობა მიგვანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა არა ცალკეულ ინციდენტებს, არამედ კოორდინირებული სქემის გამოყენებას.

  • მარკირების გაკეთებასა და შემოწმებასთან დაკავშირებული პრობლემები: ამ ტიპის დარღვევები, შესაბამისად, 191 და 153 უბანზე დაფიქსირდა. ამან, პოტენციურად, შესაძლებელი გახადა განმეორებითი ხმის მიცემა, რაც კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ხმების ხელოვნურად გაზრდის მთავარი მეთოდია.

  • დამკვირვებლების უფლებების სისტემური შეზღუდვა: დამკვირვებლების უფლებები მრავალჯერადად დაირღვა - მათ უკრძალავდნენ ფოტო/ვიდეო გადაღებას და საჩივრების წარდგენას. მსგავსი ფაქტები 160 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა და მოიცვა დამკვირვებლის დაშინების და ფიზიკურად გაძევების შემთხვევები. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ საარჩევნო გარემოს ხასიათი გამჭვირვალობის შეზღუდვასა და დაკვირვების შეფერხებას ემსახურებოდა.

  • ხმის ფარულობის დარღვევა: ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევები 365 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ეს მოიცავდა ვიდეო კამერების იმგვარად განთავსებას, რომ დარღვეულიყო ხმის ფარულობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენების შევსების მონიტორინგსა და გარკვეული პირების ამომრჩეველთა კაბინაში შეყოლის ფაქტებს. ეს მეთოდები მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზეწოლას ან მათ დაშინებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემის მიზნით.  

  • ძალადობა და არაუფლებამოსილი პირების ყოფნა: ფიზიკური ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტები 85 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა. ხოლო, არაუფლებამოსილი პირების მიერ ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა დაშინების შემთხვევები 259 უბანზე დაფიქსირდა. მსგავსი მტრული გარემო კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო გარემოს კონტროლისა და ოპოზიციური ხმების ჩახშობის ორგანიზებულ მცდელობას.

  • საჩივრები: კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 ოლქში 246 უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა, რაც 417 ათასზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ფარავს. შედეგების ბათილობის მსგავსი მოთხოვნა დოკუმენტირებული დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბს ასახავს.

დასკვნა: „ჩემი ხმის“ მტკიცებით, საარჩევნო დარღვევები არა შემთხვევით, ცალკეულ ფაქტებს წარმოადგენდა, არამედ ისინი საბოლოო შედეგების შეცვლაზე გათვლილი ფართო სქემის ნაწილი იყო. პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები ძალადობრივ გარემოს ქმნიდა. კოალიციის მიერ გამოვლენილი მტკიცებულებები საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირების ნაკლებობაზე მიანიშნებს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო აქტორების მხრიდან არჩევნების გაყალბების პროცესში თანამონაწილეობის შესახებ მოსაზრებას ამტკიცებს.

 

საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)

მიგნებები:

  • ხმის მიცემის ფარულობა და ამომრჩეველთა დაშინება: საიამ ხმის მიცემის კაბინებზე, მაგიდებსა და საარჩევნო ყუთებზე მიმართული ვიდეოკამერები დააფიქსირა, რამაც დაბალი ხარისხის ბიულეტენებთან ერთად, რომელიც ბიულეტენის შევსებისას ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის გაგების საშუალებას იძლეოდა, სერიოზულად დაარღვია კენჭისყრის ფარულობა და გაზარდა ამომრჩევლის დაშინების ალბათობა.

  • მარკირება და მრავალჯერადი ხმის მიცემის პრობლემა: საიამ მარკირების პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც მარკირების შემოწმება იყო არათანმიმდევრული, ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში მარკირების შემოწმების გარეშე შედიოდნენ და ზოგიერთმა ამომრჩეველმა, ვისაც უკვე ჰქონდა მარკირება, კვლავ მისცა ხმა, რითაც ხელი შეუწყო მრავალჯერად ხმის მიცემას, შესაბამისად, ამან არჩევნების შედეგების სამართლიანობა ეჭქვეშ დააყენა.

  • დამკვირვებელთათვის ხელის შეშლა და დაშინება: მრავალ უბანზე დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ, პრობლემების წამოჭრისას ისინი ხვდებოდნენ აგრესიას და მათ უბნიდან აძევებდნენ. დამკვირვებელთათვის ხელის შეშლა, ამ პრობლემატურ საკითხებზე ცესკოს მხრიდან არაადეკვატურ რეაგირებასთან ერთად, ანგარიშვალდებულების შემცირების მიზანმიმართულ მცდელობებზე მიუთითებს.

  • საჩივრები: ხმის მიცემის ფარულობის სისტემატური დარღვევის გამო. საიას არჩევნების შემდგომი მოთხოვნები მოიცავდა იმ 2263 უბნის შედეგების ბათილობას, სადაც გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები. საიამ, ასევე, მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები იმ საარჩევნო უბნების კომისიის წევრების მიმართ, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო პროცედურებს.

დასკვნა: 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით და დიდწილად ხასიათდებოდა უთანასწორობით, ძალადობითა და დაძაბულობით. საია მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს მასშტაბურად დაირღვა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, რაც  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების დარღვევას წარმოადგენს. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მასშტაბისა და სისტემატური ხასიათის გათვალისწინებით, ამ ფაქტების გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საიამ პროკურატურასაც მიმართა.

 

არჩევნების სისტემური გაყალბება

1. ამომრჩეველთა კოორდინირებული კონტროლი და დაშინება: სამივე მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს ამომრჩეველთა ორგანიზებული აღრიცხვა, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და მოსყიდვის სისტემატური მცდელობები, რაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა ქცევის კონტროლის სტრუქტურირებულ გეგმაზე მიუთითებს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ჟურნალისტურმა გამოძიებებმა დაადასტურა, რომ მმართველ პარტიას კარგად სტრუქტურირებული სისტემა ჰქონდა აწყობილი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, გაეკონტროლებინა ამომრჩევლები მათი პირადი ინფორმაციის შეგროვებით და შემდგომ არჩევნების დღეს ე.წ. ქოლ-ცენტრებით მათი მობილიზების მეშვეობით. არჩევნებამდე სადამკვირვებლო მისიების მოწოდებები, რომ გამოეძიებინათ ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და პირადი ნომრების შეგროვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უგულებელყოფილ იქნა.

2. დამკვირვებელთათვის სისტემატური ხელის შეშლა: „სამართლიანი არჩევნების”, „ჩემი ხმის“ და საიას დამკვირვებლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, უბნებიდან აძევებდნენ და აშინებდნენ, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მინიმალური რეაგირების ან რეაგირების საერთოდ არქონაც უწყობდა ხელს. ეს მიუთითებს, რომ პროცესის გამჭვირვალობა განზრახ იყო შეზღუდული, რაც საარჩევნო დარღვევების გაპროტესტების გარეშე ჩადენის საშუალებას იძლეოდა.

3. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევები: საარჩევნო უბნებზე კამერების დამონტაჟებამ და ბიულეტენებზე გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებამ შესაძლებელი გახადა ამომრჩეველთა აღრიცხვა, რაც აფერხებდა თავისუფალ არჩევანს და მიუთითებდა ამომრჩეველთა არჩევანის კონტროლის სისტემატურ მცდელობაზე დაშინებისა და ფარულობის დარღვევის გზით. ასევე, მრავალ შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა ამომრჩევლების მიერ საკუთარი ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღებით, სავარაუდოდ იმის დასამტკიცებლად, თუ ვის მისცეს ხმა, ასევე, იმით, რომ ამომრჩევლებს კაბინაში მიყვებოდნენ სხვა პირები.

4. მრავალჯერადი ხმის მიცემა და მარკირების პროცედურების დარღვევები: მარკირების პროცედურის დარღვევები და განმეორებითი ხმის მიცემის მტკიცებულებები, რაც დოკუმენტირებულია თითოეული მისიის ანგარიშში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაზრდის მიზნით, ხმის მიცემის პროცესის განზრახ მანიპულაციებზე მიუთითებს.

5. წინასაარჩევნო მანიპულაცია: არჩევნების დღემდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევისა და პირადი მონაცემების შეგროვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოწყვლადი ამომრჩევლების იძულების ან მათი ხმებით მანიპულაციის მცდელობებზე მიუთითებს. ამ წინასაარჩევნო მანიპულაციამ, ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით, კენჭისყრის დღის დარღვევებს საფუძველი ჩაუყარა.

6. გაყალბების მეთოდების კოორდინაცია: საარჩევნო პროცესების მართვაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი ფუნდამენტურია. წინასაარჩევნო პერიოდში რეგულაციებში შეტანილმა ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ ამომრჩეველთა მარკირებისა და ვერიფიკაცია/იდენტიფიკაციის პროცედურების განხორციელებაზე კონკრეტული პირები ყოფილიყვნენ პასუხისმგებელი. ამ ფუნქციების შემსრულებელი კომისიის წევრები საჭირონი იყვნენ გაყალბების სქემების განსახორციელებლად. ცესკოს თანამდებობის პირების პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე, „სამართლიანი არჩევნების”, „ჩემი ხმის“ და საიას მიერ დაფიქსირებულ დამკვირვებელთათვის ხელის შეშლის შემთხვევებს ასეთი მასშტაბი ვერ ექნებოდა. არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბნებში დაშვება, პრობლემურ ადგილებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება და სათანადო მარკირების პროცედურების იგნორირება მიუთითებს, რომ ცესკო ხელს უწყობდა პრაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა ამომრჩევლის ქცევის კონტროლსა და გამჭვირვალობისთვის ძირის გამოთხრას.

7. არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვის არაეფექტიანი პროცესი: საოლქო საარჩევნო კომისიებმა და შესაბამისმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეტანილი არცერთი საჩივარი/სარჩელი. გამონაკლის შემთხვევებში, სადაც სასამართლოებმა სარჩელები დააკმაყოფილეს (თეთრიწყარო, გორი), ეს გადაწყვეტილებები გაუქმებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. საჩივრების განხილვის პროცესი არ შეესაბამებოდა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს და დაფიქსირებულ მასიურ და მძიმე დარღვევებზე სათანადო რეაგირება არ იქნა უზრუნველყოფილი.

შეჯამება: „სამართლიანი არჩევნების”, „ჩემი ხმის“ და საიას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. სამივე სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევების დიაპაზონი, მასშტაბი და თანამიმდევრულობა ამყარებს დასკვნას, რომ ეს არჩევნები მთლიანობაში გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელშეშლისა და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციის მეშვეობით. სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება და ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად. გაყალბების ასეთი კომპლექსური სქემების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერისა და პირდაპირი ჩართულობის გარეშე, როგორიცაა ცესკო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.


Recent Posts

See All

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებული ძალადობას

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და...

კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ ძალადობას

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და...

bottom of page